თანამედროვე საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 4,5 მილიონს შეადგენს. იგი შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს: ევროპისა და აზიის გასაყარზე. საქართველოს ტერიტორია 69 700 კვ. კილომეტრია.

საქართველო უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. ისტორიული ჩანაწერები საქართველოზე 4 ათას წელს ითვლის. ქვეყანას უნიკალური, ქართული დამწერლობა გააჩნია, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში შემოიღეს; ქართული ენა დამოუკიდებელ ენობრივ ჯგუფსაც ქმნის. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყანებს შორის, სადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში გამოაცხადეს.

საქართველოს მღელვარე ისტორია განაპირობა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ – დიდ და მცირე კავკასიონის ქედებს შორის. ეს ვეებერთელა ბუნებრივი ბარიერები, რომლებიც შავ და კასპიის ზღვებს შორის გადაჭიმულა, ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე მიწის დიდ მასივებს რამდენიმე გასასვლელით უკავშირდება. სწორედ ამის გამო იზიდავდა საუკუნეების მანძილზე საქართველო მრავალრიცხოვან დამპყრობლებს. ისტორიის მანძილზე, საქართველო ხშირად ყოფილა სპარსეთის, ოსმალეთის, ბიზანტიისა და რომის იმპერიის დაპირისპირების ობიექტი

 

საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს: ის ევროპისა და აზიის გასაყარზეა. ქვეყანა გამოირჩევა განუმეორებელი უძველესი კულტურული მემკვიდრეობით. ცნობილია საკუთარი სამზარეულოთი და სტუმართმოყვარეობით.

მოგზაურობა საქართველოში დღეისათვის პოპულარულია..ქვეყანას სამხრეთით ესაზღვრება თურქეთი და სომხეთი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, დასავლეთით შავი ზღვა. რაც შეეხება კლიმატს, ის წარმოდგენილია სუბტროპიკული ჰავის სახით. დედაქალაქი -თბილისი, სახელმწიფო ენა - ქართული.


ფასდაუდებელია ქართული ხუროთმოძღვრება. მრავალსაუკუნოვანი ეკლესია მონასტრები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, სადაც სანთლის შუქზე იქმნებოდა გენიალური ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, საეკლესიო მსახურთა მიერ.

აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი ქალაქები: ვარძია, დავიდ გარეჯი, უფლისციხე.

გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც აგებულია მეთორმეტე საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ. აქ შემონახულია ხელნაწერთა და ჭედური ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. მონასტერში ფუნქციონირებდა აკადემია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ ცნობილი იყო.

ქალაქ მცხეთაში მდებარე ტაძრები: სვეტიცხოველი და ჯვარი. სვეტიცხოველი განეკუთვნება მეთერთმეტე საუკუნის ძეგლს, უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მის სტუმარზე ის ფაქტი, რომ სწორედ ტაძარშია ასვენია იესო ქრისტეს კვართი.

ჯვრის სამონასტრო კომპლექსი, აშენებულია მეექვსე - მეშვიდე საუკუნეებში.


უშგული - სოფელი ზემო სვანეთში, რომელიც მიჩნეულია ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად ზღვის დონიდან. ზღვის დონიდან მისი სიმაღლეა 2200მ.

საქართველო ითვლება ღვინის სამშობლოდ, აქ უძველესი დროიდან გამოყავდათ სხვადასხვა ყურძნის ჯიშები. დღეისათვის, ღვინოს ამზადებენ, როგორც თანამედროვე სტანდარტებით და ტექნიკით, ასევე ძველი მამა-პაპური ტრადიციების ნიადაგზე. ღვინის წარმოების მიხედვით, განსაკუთრებით ცნობილია კახეთის რეგიონი. აქ წარმოდგენილია ბევრი ქარხანა, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან უმასპინძლონ სტუმრებს. ქართული ღვინო კარგადაა ცნობილი საზღვარგარეთ: ხვანჭკარა, საფერავი, წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი, თელიანი და სხვა მრავალი.

ისტორიამ შემოგვინახა ლეგენდები და ფაქტები, რომ საქართველო იყო არგონავტების, მარკო პოლოს, ბევრი ცნობილი მოგზაურის მასპინძელი ქვეყანა. საუკუნეების მანძილზე მის ტერიტორიაზე გადიოდა ცნობილი აბრეშუმის გზა.


ტურები საქართველოში ნებისმიერი მიმართულებითაა შესაძლებელი, წელიწადის ნებისმიერ დროს!
საქართველო მიმზიდველია წელიწადის ნებისმიერ დროს. ზამთარში შეგიძლიათ დაისვენოთ სამთო-სათხილამურო კურორტებზე. თქვენ გეპატიჟებათ ბაკურიანი, გუდაური და მესტია. აქ მოწყობილია თანამედროვე სათხილამურო ტრასები და წარმოდგენილია ფეშენებელური სასტუმროები, რომლებიც დამსვენებელს სთავაზობენ მაღალი დონის სერვისს


სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული გამარტივებული სავიზო პირობები ტურისტებს უიოლებთ საქართველოში ჩამოსვლას. საზღვრის გადმოსაკვეთად აუცილებელი პირობა სულ მცირე 6 თვის ვადის მქონე პასპორტის ფლობაა. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: ევრო კავშირი; ამერიკის შეერთებული შტატები; კანადა; იაპონია; შვეიცარია; ლიხტენშტეინი; ნორვეგია; ისრაელი; წმინდა საყდარი (ვატიკანი); ანდორის სამთავრო; სან-მარინოს რესპუბლიკა; არაბთა გაერთიანებული საამიროები; ქუვეითის სახელმწიფო; სამხრეთ კორეა; ბაჰრეინის სამეფო; ომანი; თურქეთი.


იმ სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომლებსაც მოეთხოვებათ საქართველოში შემოსასვლელად ვიზის აღება, შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მათ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში ან ქვეყანაში შემოსვლისას აეროპორტებსა და სახმელეთო გამშვებ პუნქტებში. სახმელეთო გამშვები პუნქტებია: სარფი და ვალე თურქეთის საზღვარზე, წითელი ხიდი აზერბაიჯანის საზღვარზე და სადახლო სომხეთის საზღვარზე. საქართველოს ვიზის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდს: www.mfa.gov.ge


საქართველოს ეროვნული ვალუტა არის ლარი, რომელიც 1995 წელს იქნა შემოღებული. ერთი ლარი 100 თეთრისგან შედგება. დღესდღეობით ხმარებაში არის 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარიანი ბანკნოტები და 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრიანი ხურდები. ახლახანს შემოვიდა ხმარებაში 1 და 2 ლარიანი ხურდებიც. საქართველოში გადახდა შეიძლება ან ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათის გამოყენებით. ბევრ რესტორანში, მაღაზიასა და სასტუმროში ანგარიშსწორება შესაძლებელია საკრედიტო ბარათის მეშვეობით. ლარის კონვერტაცია მსოფლიოს ნებისმიერ ძირითად ვალუტაზე ადვილი შესაძლებელია ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, რომელიც მრავლადაა როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში. გადაცვლის კურსის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ეროვნული ბანკის ვებ-გვერდს: www.nbg.gov.ge